დეველოპერების გაყიდვები 2025 წლის თებერვალში შერჩეული დეველოპერების პროექტებში (17 სისტემური დეველოპერის გამოკითხვაზე დაყრდნობით) გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 11.0%-ით შემცირდა (-13.8% წლიური შემცირება გაყიდულ ფართობში). ამასთან, იმ პროექტებში, რომელთა დასრულებაც 2025 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი, ბინების 78% უკვე გაყიდულია. მნიშვნელოვანია, რომ ამ გაყიდვების დიდი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადების სქემებით განხორციელდა. მეორადი ბაზარი – რეგისტრირებული ტრანზაქციები 2025 წლის თებერვალში მეორად ბაზარზე 1,527 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 9.3%-იანი კლებაა. ჯამში, 2025 წლის ორ თვეში მეორად ბაზარზე დარეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობამ 2,890 შეადგინა რაც გასული წლის ამავე პერიოდს 12.1%-ით ჩამორჩება. ფასები 2025 წლის თებერვალში პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 1.1%-ით გაიზარდა და 1,334 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი 1,245 აშშ დოლარი იყო რაც 4.4%-იანი თვიური შემცირებაა. ქირა თბილისში ქირის ფასები 2024 წელს მეტწილად სტაბილური იყო, კვადრატულ მეტრზე 10 აშშ დოლარის ფარგლებში. 2025 წლის თებერვალში თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2) ქირის ფასი თვიურად 1.7%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.6 აშშ დოლარი შეადგინა. ქირის საშუალო წლიური ამონაგები 8.6% იყო. სამშენებლო ნებართვები 2025 წლის თებერვალში გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი წლიურად 26.7%-ით გაიზარდა, დეკემბერსა და იანვარში დაფიქსირებული კლების შემდეგ. თებერვალში ნებართვა გაიცა 18 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 108,877 მ2-ს შეადგენს. მიუხედავად თებერვალში დაფიქსირებული ზრდისა, ჯამურად 2025 წლის ორ თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 17.4%-ით არის შემცირებული.
2025 წლის იანვარში გაყიდვებმა შერჩეული დეველოპერების პროექტებში კლება განაგრძო და წლიურად 7.5%-ით შემცირდა. მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 9.3%-ით შემცირდა და 1,363 ბინა შეადგინა. პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი უცვლელი დარჩა და 1,319 აშშ დოლარი შეადგინა. თბილისში სულ 242.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.7%-იანი ზრდაა. თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2) ქირის ფასი უცვლელი დარჩა და კვადრატულზე 9.7 აშშ დოლარი შეადგინა. მკვეთრად შემცირდა გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი და 71,296 კვ.მ. შეადგინა (-46.1% წ/წ).
2024 წელს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ტურბულენტური გარემოს მიუხედავად, ბინების ჯამური გაყიდვები წლიურად 1%-ით გაიზარდა. ამასთან, მიწოდების მხარეს, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 6.7%-ით შემცირდა რეკორდულად მაღალი 2023 წლის შემდეგ, თუმცა კვლავ მაღალ ნიშნულზეა. საშუალო ფასი აშშ დოლარში პირველად ბაზარზე 2024 წელს 11.6%-ით გაიზარდა, თუმცა ფასების ზრდის ტემპი წინა წლებთან შედარებით შენელდა. 2025 წელს მოთხოვნის შენელებაა მოსალოდნელი შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის გამო - ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებული შენელება, ლარის გაუფასურება და იჯარის შემოსავლიანობის მოსალოდნელი შემცირება უძრავი ქონების მოთხოვნაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები იქნება.